2026 წლის 29–31 მაისს წარმატებით გაიმართა პირველი ქართული სტომატოლოგიური ინოვაციების ფორუმი, რომელიც უმაღლეს პროფესიულ და აკადემიურ დონეზე იყო ორგანიზებული საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგის, პროფესორ ქეთევან გოგილაშვილისა და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივნის, ამავე უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორთოპედიული სტომატოლოგიისა და დენტალური იმპლანტოლოგიის კათედრის გამგის, პროფესორ ვლადიმერ მარგველაშვილის ხელმძღვანელობით.
ღონისძიება სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ევროპის რეგიონალური ორგანიზაციის (FDI-ERO) მხარდაჭერით ჩატარდა და მას ჩვენი საპატიო სტუმარი – ევროპის რეგიონალური ორგანიზაციის პრეზიდენტი, დოქტორი ედოარდო კავალე დაესწრო.
ფორუმში აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები და სტომატოლოგიური სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიების წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია კომპანია Dent Stal-მა, რომლის ხელმძღვანელია ნიკო ბეჟუაშვილი. ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია.
ფორუმის ფარგლებში ევროპის რეგიონული ორგანიზაციის (ERO) პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სტომატოლოგიური პროფესიის მნიშვნელოვან როლზე მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების პროცესში. მისივე განცხადებით, პროფესიულმა ასოციაციებმა წამყვანი როლი უნდა შეასრულონ გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში, ასევე პაციენტების, ექიმი-სტომატოლოგების და სახელმწიფოს ინტერესების დაცვასა და განვითარებაში.
პრეზიდენტმა ედოარდო კავალემ აღნიშნა, რომ დადგა დრო, პირის ღრუს ჯანმრთელობის დაცვის ახალი მოდელის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც პირის ღრუს ჯანმრთელობას განიხილავს, როგორც ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობის განუყოფელ ნაწილს და პასუხობს თანამედროვე საზოგადოების მზარდ მოთხოვნებსა და საჭიროებებს. ამასთანავე, თითოეული ადამიანის უფლება ხარისხიან სტომატოლოგიურ მომსახურებასა და კარგ ორალურ ჯანმრთელობაზე უნდა იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი.
სამდღიანმა სამეცნიერო-პრაქტიკულმა ფორუმმა, რომელშიც მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი დონის გამორჩეული მომხსენებლები, ნათლად წარმოაჩინა თანამედროვე სტომატოლოგიის წინაშე არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები.
განხილულ იქნა როგორც დღევანდელი პრაქტიკის აქტუალური საკითხები, ისე მომავლის ტენდენციები, რაც მონაწილეებს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მნიშვნელოვნად გამდიდრების შესაძლებლობას აძლევდა.
პირველმა ქართულმა სტომატოლოგიურმა ინოვაციების ფორუმმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქვეყნის სტომატოლოგიური საზოგადოების განვითარებაში და შექმნა მყარი საფუძველი მომავალი თანამშრომლობისა და პროფესიული პროგრესისთვის.
მომავალ შეხვედრამდე — კიდევ უფრო დიდი წარმატებებითა და ახალი მიღწევებით!